top of page
292268404_801798817647386_2862228179167527929_n.png

ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა

ყველა ეპოქა საკუთარ სიტყვას მუსიკის საშუალებით ამბობს, მუსიკა კი თავისუფალი ადამიანის არჩევანია. მიუხედავად იმ კულტურული ატროფიისა, რაც საბჭოთა პერიოდმა მოიტანა, საქართველოში მუსიკალური აზროვნების პროცესი არ შეჩერებულა, ამის ნათელი მაგალითები კი 70 წლიანი ცენზურის პერიოდიდანაც ბევრი გვხვდება. სწორედ იმ დროის ინდივიდუალურმა, უკომპრომისო აქტებმა ახალი თაობის მუსიკოსებს მისცა ბიძგი, გაერღვიათ დაბრკოლებების წრე, რათა 90-იანი წლების დასაწყისიდან, თავისუფალი საქართველოს, თავისუფალ ხმებად ქცეულიყვნენ.

ეს ქვეყნისთვისაც და მუსიკოსებისთვისაც ხელახლა დაბადება და შესაბამისად შესაძლებლობებით სავსე მოედანი იყო. ჰორიზონტზე ჯერ კიდევ ნათლად არ ჩანდა გზა და მათ გაუკვალავში მოუწიათ თავისუფლებისკენ და საკუთარი თავის პოვნისკენ სიარული - ამის მიუხედავად დამოუკიდებელი თაობის მუსიკა ხასითდებოდა ავთენტურობით, აქტიური სოციალური მუხტით და რაც მთავარია ახალი ქართული ხმოვანების ძიებით, რომელიც დღემდე გრძელდება. მიუხედავად დასავლური მუსიკალური ფორმებისა, მათი მუსიკა მაინც ქართული იდენტობით იყო გაჟღენთილი. Ამ პროცესიდან ჩვენ დღემდეგ შემოგვრჩა ჩანაწერები თანამედროვე, თავისუფალი საქართველოდან, რომლებმაც მკვეთრად მოხაზეს შემდგომი თაობების კულტურული ორიენტირები.  

Georgian Music Legacy Collection-ის ინიციატივა, სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება. ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არ არსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია. ჩვენ გვჯერა რომ მათი ხელახლა გაცოცხლებით, განახლებით, აღმოჩენითა და მსმენელის წინაშე წარდგენით, ჩანაწერები საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ იმ მუსიკალურ ჯაჭვში, რომელიც დღემდე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.

bottom of page