top of page

„ქართული ცეკვის იმპერია“ – უნიკალური პროექტი 90-იანებიდან



90-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკა მრავალ ისტორიას იტევს, სადაც მუსიკის ინოვაციურობა ხშირად მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის საპირისპიროა ხოლმე. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო იმავე წლებში მუსიკოსთა ნაწილმა დატოვა მუსიკალური სცენა, მეორე ნაწილმა კი საქართველო.

ლოკალური ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღას ალბათ 1987-1993 წლებით თუ მოვნიშნავდით. ამ ექვსი წლის განმავლობაში, პიონერი მუსიკოსების მცირე ნაწილი ცდილობდა აქტუალური დასავლური მუსიკალური ჟანრების საქართველოში დამკვიდრებას. 80-იანი წლების ბოლოს, პერესტროიკის ეპოქაში, იმ კულტურული თუ ინფორმაციული ბარიერების უმეტესობა რაც საბჭოთა სისტემას გააჩნდა უკვე მორღვეული იყო. ყველასთვის ცხადი იყო რომ დასავლურ „კაპიტალისტურ“ სისტემასთან ბრძოლაში სსრკ დამარცხდა და ამაში ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, კულტურული ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში დაინტერესებულ ახალგაზრდებს უკვე თამამად შეეძლოთ დასავლურ კინოსთან თუ მუსიკალურ ხელოვნებასთან ზიარება, იმ შიშის შეგრძნების გარეშე, რომ ამისთვის ვინმე პარტიიდან საყვედურს გამოუცხადებდა ან მათი საქმე კონტროლზე იქნებოდა აყვანილი. ეს ყველაფერი იმ თავისუფლების ხარისხშიც აისახა, რომლითაც პირველი ქართული ალტერნატიული შემსრულებლები გამოირჩეოდნენ საკუთარ შემოქმედებაში.





დადა დადიანი, რომელიც ამ მუსიკალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ და ალბათ ყველაზე ინოვატორ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ, აღნიშნულმა თაობამ ჯგუფ „ტაქსით“ გაიცნო, რის შემდეგაც ირაკლი ჩარკვიანთან და კახა გუგუშვილთან ერთად „საბავშვო მედიცინა“ ჩამოაყალიბა. როგორც 1992 წლის ინტერვიუში იხსენებს დადა, „ყველაფერი რაღაც დროს მთავრდება“ და ასე დამთავრდა 2 წელში „საბავშვო მედიცინაც“, რომლის ფარგლებშიც ერთი კომპილაციური ინგლისურენოვანი ალბომი გამოვიდა. ამ დროს დადას ხელში უკვე არსებობდა ინგლისიდან ჩამოტანილი Kawai-ის დრამ მანქანა, რომელზეც ძირითადად აეწყო ბენდის სიმღერების რიტმ სექციაც. 1993 წლისთვის საქართველოში ვითარება უფრო გაუარესდა - სამხედრო გადატრიალება, ქვეყნიდან განდევნილი კანონიერი პირველი პრეზიდენტი და რაც მთავარია მიმდინარე აფხაზეთის ომი. მოკლედ ყველანაირი წინაპირობა იყო შექმნილი, რათა ხელოვან ადამიანს უკეთესი მომავლის საძებრად ქვეყანა დაეტოვებინა. თუმცა სანამ ეს მოხდება, მანამდე „ბოლო ცეკვის“ დრო დამდგარიყო - სწორედ ასე დაიბადა „Georgian Dance Empire“-ის იდეა.

წინა პროექტებში პოსტ პანკთან, ახალ-ტალთასთან, სინთ-პოპთან თუ იმ დროისთვის აქტუალურ ელექტრონიკასთან შეთამაშების შემდეგ, დადა დადიანისთვის მნიშვნელოვანი ექსპერიმენტის პერიოდი ჩამოდგა, რომლის ფარგლებში ქართული ცეკვისა და ფოლკლორის თანამედროვე მუსიკალურ სტილებთან შეზავება გადაწყდა. ამ პროექტში დადას მალევე შემოუერთდნენ გენეტიკური კოდიდან ახლად წამოსული სერგი გვარჯალაძე, გოგი ჭილაშვილი Jukebox-იდან და ბიბი კვაჭაძე - და აი ასეა, აპრილის თვეში სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში შეკეტილებმა გადაწყვიტეს რამე განსაკუთრებულისა და დასამახსოვრებელის შექმნა.





როდესაც ენთო მუსიკისა და თანამედროვე ფორმების შეკავშირებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გასათვალისწინებელია რისკი - რისკი კიტჩისა, რომელიც დღესაც ასე ხშირად გვხვდება. უგემოვნოდ ინტეგრირებული და გამოყენებული ეროვნული ტექსტურა და სიმბოლიზმი, ხშირად თანამედროვეობის დამახასიათებელ ელემენტადაც კი იქცა. თუმცა სულ სხვა შემთხვევას ვაწყდებით „ქართული ცეკვის იმპერიის“ ჩანაწერებში. ალბათ აქ პირველად მოხდა ქართული და ინგლისური არამხოლოდ მუსიკალური ფაქტურის, არამედ ტექსტების სინთეზი, რაც შემდგომში უკვე უფრო აქტიურად გამოიყენეს “Goslab”-ის პროექტში „მჟავა Message” და დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს ქართველი მუსიკოსების გარკვეულ კომუნებში. მეორე მხრივ ამ პროექტს ახასიათებდა ერთგვარი არასერიოზული, უწყინარი და უზრუნველი დამოკიდებულება შემოქმედებითი პროცესის მიმართ. ეს უბრალოდ გართობა იყო, ექსპერიმენტი რომელიც კონკრეტულ დროსა და სივრცეში უნდა განხორციელებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ 6 ჩანაწერის გაკეთება მოესწრო, მათგან ყველა განსხვავებულ ხასიათს და შეგრძნებებს გადმოგცემს. “Georgian Wrestling” თანამედროვე ელექტრო რიტმ სექციით ცნობილ „ჭიდაობას რა უნდა...“ მუსიკალურ თემას იმეორებს. „ჯანსულო“ მუსიკალურად კიდევ უფრო მდიდარია, სადაც მედიტაციურად მეორდება ქართული პოლიფონიიის გამორჩეული მარგალიტი. „Molly Has Questions” მინიალბომიდან ჩემი ფავორიტია, რომელიც მოლი ბრაუნის ეგზისტენციალურ მდგომარეობაზე გვიყვება - შემდგომი ტაეპით კი ყველაფერი ნათქვამია.

„Molly prays for jesus

Molly prays for buddha

Molly prays for krishna

Molly prays for Love

Cuz molly is in love (man)”

“და ჩემო დურუჯან“ აგრძელებს წინა სიმღერის ნარატივს “It’s all about love, to have some time”. “ცანგალა და გოგონა“ ალბათ ალბომში ყველაზე ენერგიული და საცეკვაო კომპოზიციაა, რომელზეც შემორჩენილი ვიდეო კოლაჟი ერთადერთია, რაც ვიზუალურად ამ ალბომის ჩაწერის პროცესზე რაიმე წარმოდგენას გვიქმნის. ამავე კადრებში შეხვდებით ქართული ელექტრონული მუსიკის კიდევ ერთ პიონერს, ბაჯუს რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოდან პირველი ქართველი ბრეიქის მოცეკვავე იყო.ბონუს ტრეკად კი გვიან აღმოჩენილი „Georgian Wrestling”-ის ალტერნატიული ვერსია ემატება, რომელიც სტუდია „მელოდიაში“ ცალკე ჩაიწერა - აქ ალბათ ერთდროულად ქართული პროტო ჰიპ-ჰოპისა და სემპლინგის პირველ მაგალითებს ვაწყდებით.





„ქართული ცეკვის იმპერიის“ ჩაწერიდან 30 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ლოკალურ მუსიკალურ სცენაზე უამრავი ცვლილება დაფიქსირდა. 1993 წლის ბოლოს დადა დადიანმა საქართველო დატოვა და საკუთარი მუსიკალური კარიერა ლონდონში გააგრძელა, იმავე პერიოდში საქართველო დროებით დატოვეს ბიბი კვაჭაძემ და სერგი გვარჯალაძემაც. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული ჩანაწერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რარიტეტული და ნაკლებად ცნობილია, ამავე დროს იგი იმ პერიოდისთვის ყველაზე ინოვაციურიც და ექსპერიმენტულიც იყო. „ქართული ცეკვის იმპერიით“ ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ტალღაც ჩაიხურა, რომელმაც გაგრძელება ახალი თაობის მუსიკოსებში და ახალ იდეებში ჰპოვა. ცოტა ხნის წინ, თითქმის 30 წლის შემდეგ, დადა დადიანი საქართველოში პირველად დაბრუნდა. 90-იანებისგან განსხვავებით, მსმენელში მისი მუსიკისადმი მიმღებლობა ბევრად დიდია და მათში ისეთებიც მოიძებნებიან ვინც ქვეყანას ამ ჩანაწერის შემდეგ მოევლინა. 30 წლის შემდეგ, „ქართული ცეკვის იმპერიის“ კომპოზიციები „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში ფირფიტაზე პირველად გამოვიდა და ნებისმიერი ასაკის მსმენელს ელის.


bottom of page