top of page

ჰიპ-ჰოპი მას ენდო


ბავშვობის მოგონებებიდან ნათლად მახსოვს შავი პრინცის კასეტის გაფუჭებამდე ტრიალი. საქართველოში ბევრმა მის შესახებ 2000-იანების დასაწყისში გაიგო, როცა „ჩემი ძმები“-ს ვიდეო კლიპი გაჰიტდა და იმ დროისთვის რამდენიმე მუსიკალური ტელევიზიის, თითქმის ყველა რადიოს და დაბურული ავტომობილებიდანაც მისი ხმა ისმოდა. თუმცა გამონაკლისი მისი მშობლიური ქუთაისი იყო, სადაც შურიკას, 90-იანი წლების დასაწყისიდან ყველა კარგად იცნობდა.

ბედის გამოისობით, აკაკი ბაბუნაშვილი სწორედ იმ ქალაქში დაიბადა, რომელსაც მისთვის დამატებითი შემოქმედებითი მუხტის მიცემა შეეძლო. ქუთაისის კულტურული წარსული, შავი პრინცის მომავლის განმსაზღვრელი იყო. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, მაგრამ როგორც ყველას ამ ასაკში, ნოტების ატანა არც მას ჰქონდა. მღეროდა ქართულ ხალხულ სიმღერებს და ცეკვავდა მათზე, თუმცა როგორც ყველას, მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი, მოზარდობიდან იწყება, როდესაც თანამედროვე კულტურას ეზიარა. დღემდე იგონებენ თუ როგორ დადიოდა 80-იანი წლების შუა პერიოდში Sony-ის ვოლქმენებით ქუთაისის ქუჩებში, როგორი განსხვავებული ვარცხნილობა ჰქონდა და ტიპაჟურადაც რამდენად ამოვარდნილი იყო ქალაქის იმ დროინდელი რეალობიდან.


ეს ქუთაისშიც და საქართველოშიც ის პერიოდია, როცა მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები, მათი სიმცირის და გამოკვეთილი იმიჯის გამო, ერთმანეთს მარტივად და მალე პოულობენ. სწორედ ასე მოხდა მისი და გიგა მჟავიას, იგივე ბაჯუს გზების გადაკვეთაც, რომელიც თავის მხრივ, ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ ინოვატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ორივე ერთად კი დაკავშირდნენ, ქუთაისისთვის საკულტო ფიგურასთან, „პიკასოს კლუბის“ შემქმნელთან მერაბ ქაჯაიასთან, რომელიც 80-იანი წლების პირველი ნახევრიდან, უნივერსიტეტის კლუბის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის შეზღუდვებისა, პიკასოს, რომელიც ქუთაისში ბავშვობიდან დასავლური კულტურის პრომოუტერი იყო, მაინც ეძლეოდა საშუალება სასურველი წარმოდგენები და აქტივობები განეხორციელებინა. მეტიც, უნივერსიტეტის კლუბის ბაზაზე, მან გარედან, ქუჩიდან მოიწვია ადამიანები, რომლებთანაც უფრო მეტ ღირებულებით სიახლოვეს გრძნობდა.

„სტუდენტური დღეების“ ფარგლებში ასე ჩამოყალიბდა რიტმული ჯგუფი, რომელშიც აქტიური ახალგაზრდები ირიცხებოდნენ, მათ შორის იყვნენ აკაკი და Bajoo. იმ პერიოდში მსოფლიოშიც და მით უფრო ქუთაისშიც ბრეიქის ცეკვა ახალი ხილი იყო, Bajoo-ს დედის დახმარებით, ჩაწერილ ვიდეო კასეტებზე რიტმულ ჯგუფსაც ჰქონდა წვდომა, სადაც ბრეიქის მოძრაობებს თვალს ადევნებდნენ და მის გამეორებას მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროში, ქუთაისის პატარა სცენაზე ცდილობდნენ - საუბარია 85-88 წლებზე, მაშინ როდესაც ჰიპ--ჰოპ კულტურა მსოფლიოშიც კი ჩანასახის ეტაპზე იყო და თავის ზენიტს ელოდა. ამავე პერიოდში მათი ძალიხსმევით ქუთაისში დაიდგა მაიკლ ჯექსონის „Thriller“ საცეკვაო შოუც, სადაც აუდიტორიამ პირველად იგემა დასავლური კულტურით ნასაზრდოები წარმოდგენა, სხეულის განმათავისუფლებელი მოძრაობები, სტილის გრძნობა და ყველაფერი ის, რასაც კომუნისტური რეჟიმი ათეული წლობით მალავდა მათი თვალთახედვიდან.



რიტმული ჯგუფის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში შურიკამ და ბაჯუმ, სომალისთან და Chi-სთან ერთად საერთო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომლის ლიდერიც ბაჯუ იყო და კოლექტივსაც Bajoo ეწოდა. მათი ხედვა ერთი იყო - თავსებადი და თანამედროვენი ყოფილიყვნენ იმ პერიოდის დასავლურ ცივილიზაციასთან - ასე დაიწყო პირველი მოძრაობები ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის სამყაროში. მუსიკალურად ელექტრო ბიტები და რეჩიტატივი, რომლითაც ამერიკელი ჰიპ-ჰოპერების იმიტაციას ცდილობდნენ - თუმცა ალბათ ეს იმიტაციაზე მეტი იყო, ვინაიდან უნიკალურ ქუთაისურ, ავთენტურ საბურველში გახვეულიყო. იმ პერიოდისთვის სადაც შესაძლებლობა ეძლეოდათ, ცოცხალ წარმოდგენებსაც მართავდნენ - მცირე კლუბებში, უნივერსიტეტში, თეატრებში - თუმცა დაგვირგვინება მაინც 1993 წელს დინამოს სტადიონზე გამოსვლა იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო და პირველად, საჯაროდ დაფიქსირდა ქართული ჰიპ-ჰოპის ვერბალური სტილი და ამბისთხრობა.



ამავე პერიოდისთვის, ბაჯუ ისრაელში გაემგზავრა და საქართველოში დაბრუნებულმა ქვეყანას კიდევ ერთი მუსიკალური სტილი - ელექტონული მუსიკა აჩუქა. შურიკამ კი აღებულ კურსს არ უღალატა და თავის მხრივ ქართული ჰიპ-ჰოპის ნათლიად მოგვევლინა. Bajoo-ს შემდეგ, ცეკვის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდა თაობისთვის გადაწყვიტა, ჰყავდა ჯგუფები და ასწავლიდა თანამედროვე ქორეოგრაფიას, სხვადასხვა სტილებსა და მოძრაობებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მოხვდა, Fredo Baban-იც, ქუთაისელი 11 წლის ბიჭი, რომელიც ახლად მოწამლული იყო MC Hammer-ის ენერგიით - და შურამ მას უთხრა „შენ ჩემთან ერთად იმოძრავებ“. ასე დაიწყო ისტორია ძებნილების შესახებ, დაჯგუფების, რომლის სახელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ისინი ხომ უბრალოდ მათიანებს ეძებდნენ.

მალე შურას და ფრედოს 10 წლის მასტიც შემოუერთდა - 3 კაცი კი უკვე დიდი ძალა იყო. ასე დაიწყეს კონცერტებზე გამოსვლა, სადაც შურა ტექსტს კითხულობდა, ფრედო და მასტი კი ცეკვავდნენ. მალე ძებნილთა რაოდენობა გაიზარდა - კოლექტივს სმოკი, ჯადო, მეგოთი და სოსო შემოუერთდნენ და 7 კაცი უფრო დიდი ძალა გამოდგა. იმ დროისთვის მათი ქუთაისის ქუჩებში მოძრაობა ყველასთვის შესამჩნევი იყო - დახეული ჯინსები, დიდი ზომის ტანსაცმელი, ამოვარდნილი ვარცხნილობა და ყველასთვის უცხო მუსიკით გატაცება - ჰიპ-ჰოპი მათ ვენებში ტრიალებდა. ძებნილები აღარ დახმაყოფილნენ ქორეოგრაფიული სვლებით და მათმა ნაწილმა ხმაც ამოიღო - შურიკა, რომელიც უკვე შავ პრინცად იწოდებოდა პირადად წერდა ყველა სიმღერის ტექტს და სათითაოდ ანაწილებდა მოზარდებს შორის. კონცერტები საინტერესო იყო, თუმცა პირველი ჩანაწერების ჯერიც დადგა და ჰიპ-ჰოპმა ისინი ქუთაისის სტუდია „ორფეი“-ში მიიყვანა. ასე გადავიდა კასეტაზე მათი პირველი ჩანაწერები, რომლებიც სიმძიმით, ენერგიითა და ლირიკით ნიუ-იორკის იმ დროის ჰარდკორ ჰიპ-ჰოპ ჯგუფებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. დღეისთვის აღნიშნული ჩანაწერის მხოლოდ დაზიანებული ვერსიაა შემორჩენილი.





პირველმა ჩანაწერმა ჯგუფი უფრო ახლოს გააცნო ქუთაისურ აუდიტორიას, კასეტების გამრავლება კი იმ დროისთვის დამახასიათებელი კუსტალური მეთოდით ხდებოდა. მალე მათ მიმართ ის პირველადი აგრესიაც გაქრა და პირიქითა ტენდენცია დაიწყო, ყველა, მათ შორის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც კი ცდილობდნენ ქუთაისური კოლექტივისთვის ხელი შეეწყოთ. 97-98 წლებისთვის ძებნილებმა „ორფეის“ ისევ მიაკითხეს, ამჯერადაც იგივე სიმღერები, განსხვავებული არანჟირებებით გიტარისტ და პროდიუსერ ზაზა ხუბუკელაშვილთან ჩაწერეს და ასე შეიქმნა „იძებნება“ - ალბომი, რომელმაც იმ პერიოდის ქუთაისის ქუჩური ატმოსფერო შეისრუტა და დინამიკებიდან მთელს საქართველოს მოსდო.



ძებნილები უკვე ქუთაისისთვის საამაყო მუსიკალურ აქტად იქცა, მეგობრობდნენ ქალაქის პანკ და როკ მუსიკოსებთან, ერთად აწყობნენ კონცერტებს და ჰქონდათ ერთიერთ გაცვლა და პატივისცემა. მალევე შავი პრინცი მთელი საქართველოს „დაპყრობის“ იდეით აენთო, ამას კი მამაქალაქიდან დედაქალაქში გადაბარგება ჭირდებოდა. თითქმის ნულოვანი ფინანსური დანაზოგით, 100 ლარით ხელში 1999 წელს ძებნილებმა თბილისს მიაშურეს. აქ კი ქუთაისიდან განსხვავებული გარემო დახვდათ - ამ ქალაქში მათი რეპუტაცია და სტატუსი, ჯერ ბევრისთვის კიდევ უცნობი იყო, ადამიანური დამოკიდებულებები კი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან. გიგა კუხიანიძის სტუდიაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს, მათ შორის „შიმშილი“, რომელიც რეალური 3 დღიანი შიმშილის ისტორიის ანარეკლია, რომელიც ბიჭებმა თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეებში გადაიტანეს.


თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი მთელი ქვეყნის ასალაპარაკებლად - „ჩემი ძმები’ სწორედ ის იარაღი გამოდგა, რაც ჯგუფმა მალევე გაისროლა და ის ეტაპიც დაიწყო, როდესაც შავმა პრინცმა, ძებნილებმა და ჯერონიმომ ყველა სახლის თუ მანქანის აუდიო სისტემის ოკუპაცია მოახდინეს. ჰიპ-ჰოპი არა თუთასავით, არამედ მეტეორივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაშიც და უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, შავი პრინცით და ძებნილებითაც ვამაყობდით - „თურმე ჩვენც შეგვძვლებია!“

კულტურა მეინსტრიმში გადმოვიდა და ის დაემართა რაც ამ დროს ხდება ხოლმე - ძველი, მძიმე, ნაღდი და სოციალური კომენტარით გაჯერებული ტექსტები, მასობრივი აუდიტორიისთვის გამიზნულმა ქალებმა, მანქანებმა და მოსაწევმა ჩაანაცვლა - თუმცა ეს ცვლილება ძებნილებისა და შავი პრინცის ფიზიკური გადარჩენისთვისაც იყო საჭირო, გულში ღრმად კი მათი ენერგია ისევ ძველ ანდერგრაუნდს მოითხოვდა.



მალე სამწუხაროდ მათი შეთამაშებული გუნდი დაიშალა, შავმა პრინცმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი, მუსიკალური ინდუსრიის ქიმზე ყოფნა კი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა - 2000-იანების მეორე ნახევრიდან, როგორც პრინცის, ასევე ძებნილების მუსიკალური აქტივობა შემცირდა და თითქმის გაქრა. დეპრესია, საკუთარი თავის ძიება და წარსულის გადაფასება, მათი შემდგომი წლების თანმდევი მომენტები იყო. 2010-იანებიდან ფრთხილი ოპტიმიზმით შურა, უკვე დაღვინებული სახითა და ცნობიერებით ცდილობდა სცენაზე დაბრუნებას - თუმცა ინსტაგრამისა და ტიკტოკის თაობისთვის რაიმე ახლის შეთავაზება რთული აღმოჩნდა. ერთი კი ვიცი, ზოგჯერ ადამიანის წარსული საქმეები იმდენის გამომხატველია, რომ უკვე საკმარისია ლეგენდარულის ტიტულისთვის - ასე არის შავი პრინცის შემთხვევაშიც. მიუხედავად ამ სამყაროდან მისი ტრაგიკულად ადრე წასვლისა, ხალხმა დღემდე იცის რომ საქართველოში ჰიპ-ჰოპი სწორედ მას ენდო, მერე კი მისგან ყველას გადაედო.


25 წლის შემდეგ, შავი პრინცისა და ძებნილების სადებიუტო ალბომი „იძებნება“ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში ფირფიტაზე გამოვიდა, რომლის შეძენაც Vodkast Records-ში, Morevi Records-ში ან Clime-ში შეგიძლიათ.

bottom of page